საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების პოლიტიკურ განცხადებებს უპასუხა, რომლებიც, მისი შეფასებით, ცრუ ინფორმაციას წარმოადგენდა.

„როდესაც გაზრდილ მიგრაციაზე საუბრობთ, კარგი იქნება, მონაცემებში ჩაიხედოთ. ბოლო ორი წელია, მიგრაციული სალდო დადებითია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უარყოფითი სალდო უკვე დაახლოებით სამჯერ არის შემცირებული. 

სახელმწიფო ახალისებს აზარტულ თამაშებსო - ესეც მორიგი ტყუილია. ჩვენ ეს სფერო მკაცრი კანონმდებლობით გვაქვს დარეგულირებული. ბოლო ცვლილება, რაც მივიღეთ, განცალკევებული საკითხია და ეს თქვენც კარგად იცით. ამ შემთხვევაშიც ცდილობთ ჩვენი მოქალაქეების ემოციებზე ითამაშოთ და ეს არ შეიძლება. პირდაპირ უნდა თქვათ, რას შეეხება ეს კანონი. ეს არის საერთაშორისო ტურნირებთან დაკავშირებული კანონი. უნდა აღინიშნოს, რომ განხილვების შედეგად კანონის პირველადი ვერსია შეიცვალა და 70%-დან 80%-მდე გაიზარდა სამორინეების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მინიმალური ზღვარი.

მორიგი ტყუილია, რომ ქართველები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ წარმოადგენენ. არ გრცხვენიათ, ასე რომ იტყუებით? ბოლო აღწერის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 3 მილიონ 900 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც, თუ არ ვცდები, დაახლოებით 95% საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ეთნიკურად ქართველები - დაახლოებით 85%. შესაბამისად, ესეც მორიგი სამარცხვინო ტყუილია.

შეეშვით ეკლესიის დამორჩილებასო - ეს რა განცხადებაა? ამით თქვენ ხომ საპატრიარქოსა და დედა ეკლესიას აყენებთ შეურაცხყოფას. ესეც სამარცხვინო განცხადებაა და გთხოვთ, თავი შეიკავოთ. ჩვენი მოსახლეობა და საპატრიარქო გისმენთ და ასეთ სამარცხვინო განცხადებებს არ უნდა აკეთებდეთ. ეს ისევ თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს გვერდით არ ედექითო - როგორ არ გრცხვენიათ, ამას რომ ამბობთ? მშობლების განცხადებები მაინც არ მოისმინეთ? ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ყოველთვის გვერდით დავუდგებით მათაც და სხვებსაც, ვისაც სახელმწიფოს გვერდით დგომა დასჭირდება. მიდით მშობლებთან და იკითხეთ, სად ვერ იგრძნეს ხელისუფლების და სამინისტროს გვერდით დგომა. ეს არის „ნაცობა“, „ნაცური“ მიდგომები.

რაც შეეხება კორუფციაზე განცხადებას, რაც ირაკლი კობახიძე დავამტკიცეთ პრემიერ-მინისტრად, გადავხედოთ, რა ნაბიჯებია გადადგმული. შეიცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა, აბსოლუტურად ყველა სამთავრობო აქტი გახდა გამჭვირვალე, ჩამოყალიბდა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, შეურიგებელი ბრძოლა გამოცხადდა კორუფციის წინააღმდეგ და იცით, რა რანგის ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ სამარცხვინო კორუფციული დანაშაულებები არის ჩადენილი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან რომელი დარჩა უპასუხოდ? ჩვენთვის ის თემები, რომლებიც გარეთ გამოვიტანეთ, პოლიტიკურად წამგებიანი იყო, სერიოზული დარტყმები ავიტანეთ, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. ვინც დასასჯელი იყო, ყველა დასჯილია! კორუფციასთან ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.