ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. როგორც მან “TV პირველის” გადაცემა “რვიანში” განაცხადა, ლარის კურსის კორექტირება დოლარზე ბიზნესსუბიექტების მხრიდან დოლარზე ჭარბმა მოთხოვნამ განაპირობა. ექსპერტმა ასევე ახსნა, რომ ლარის გაუფასურებას არაფერი აქვს საერთო ბრიტანეთის რეფერენდუმთან.
“საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ ლარის კურსთან დაკავშირებით, თუმცა ბუნებრივია, გარკვეული დისკომფორტია, როცა ლარი უფასურდება დოლართან მიმართებაში, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ან უნდა ავირჩიოთ ფიქსირებული კურსი ან უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა რაც გვაქვს ანუ ე.წ. მცურავი კურსი, მცურავი კურსის შემთხვევაში ლარი თავად ირჩევს წონასწორობის კურსს… აქედან გამომდინარე, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება და ამ პროცესში მთავრობა არ ჩარეულა.
გარკვეული ბიზნეს სუბიექტების მხრიდან (ძირითადად საბანკო სექტორიდან და ქართულ ბაზარზე არსებული ერთი ორი მსხვილი მოთამაშიდან) დოლარში ვალდებულებების შესრულებაზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია ლარის კურსის კორექცია, როცა ეს მოთხოვნა ამოიწურება ლარის კურსი ისევ დაიწყებს ჩამოსვლას და იპოვის წონასწორობის კურსს…” – განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ექსპერტს ასევე არასწორად მიაჩნია საზოგადოებაში არასწორი მოლოდინების შექმნა.
“მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არ შეიქმნას არასწორი მოლოდინი და იმაზე საუბარი, რომ ლარი დოლართან 1,7-ზე დაბრუნდება იწვევს პანიკურ ქცევას”, – განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსნებთ, რომ დღეს ლარი დოლართან მიმართებაში 0.0510 პუნქტით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.2941 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.2431 ლარად იყო შესაძლებელი.