ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, ინვესტორებს სამკერვალო საწარმოს საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებს. პროექტის მიხედვით, ადგილობრივი საწარმოს საქმიანობა გულისხმობს, პარტნიორი უცხოური ბრენდის ქვეშ, საქართველოში იმპორტირებული ტექსტილის ნედლეულისგან მზა პროდუქციის შეკერვას, შეფუთვას და შემკვეთისთვის მიწოდებას.  საქართველოში სამკერვალო საწარმოს პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონ დოლარს შეადგენს. რა პერსპექტივა აქვს დღეს საქართველოში სამკერვალო დარგს და რამდენად უწყობს მთავრობა ხელს დარგის განვითარებას?

ბიზნესმენის, სამკერვალო სახლი "ლაურას" დამფუძნებლის, ლაურა ღაჭავას განცხადებით, დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა დღეს უცხოელი ინვესტორები ქვეყნაში შემოსვლისგან თავს იკავებენ. ღაჭავას თქმით, "დოლჩე და გაბანამ", "ტაჩმა" და სხვა ცნობილმა ბრენდებმა, საქართველოში შემოსვლაზე უარი ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო თქვეს.

"იყო დრო როდესაც ბიუჯეტის 30-40 პროცენტს მრეწველობა ავსებდა. რატო არ შეიძლება რომ დღესაც გავნვითარდეს? რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ინვესტორები არ მოდიან და ამაშია პრობლემა. კვირა არ გავა, რომ უცხოელები არ მოვიდნენ ჩვენს ფაბრიკაში,  ძალიან მოსწონთ ყველაფერი მაგრამ პირობები არ მოსწონთ, სტაბილური არ არის ქვეყანა. ესენი ხოცავენ ერთმანეთს, ვერ გაუგიათ ვის რა უნდა და ამით ფუჭდება ბიზნესი. არავინ არ შემოვა დღეს საქართველოში და არ ჩადებს ფულს", - აცხადებს ღაჭავა "აიპრესთან" საუბრისას.

ლაურა ღაჭავას განცხადებით, მას არა ერთხელ ჰქონია ეკონომიკის სამინისტროსთან შეხება, თუმცა კონკრეტული შედეგი მას არასდროს ჰქონია. როგორც ღაჭავა განმარტავს, სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამები ბანკებიდან იაფ სესხს გულისხმობს, თუმცა ბანკები ხშირად სესხის გაცემაზე უარს ამბობენ. “როდესაც ბანკებში მივდიოდით გვეუბნებოდნენ, – ერთადერთი სამკერვალო ფაბრიკა ხართ და რომ გაკოტრდეთ სად წავიღოთ ტექნიკა?", - აღნიშნავს ღაჭავა.

"ეკონომიკის სამინისტროში მიგიღებენ, მოგისმენენ და საერთოდ არ გეხმარებიან. ეს ისეთი სფეროა, რომელიც მყისიერ მოგებას ვერ მოგცემს, ძალიან შრომატევადი სამუშაოა და თუ ინვესტორმა ჩადო ფული ის ხომ უნდა იყოს სტაბილური? ეს არ არის წარმოება, რომელსაც მოგებაზე გასვლისთვის დრო სჭირდება. დიდ თანხას უცხოელი არ ჩადებს, ამიტომ ჯობია ქართველებს შეუწყონ ხელი და დაბალ პროცენტიანი სესხი გაუკეთონ ადგილობრივ მეწარმეებს. მე რომ კონტრაქტები მაქვს დადებული, არცერთ ქართველ ბიზნესმენს ამ დარგში არ აქვს", - აღნიშნავს ღაჭავა.