„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) 2026 წლის იანვრის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარში საქართველოში წარმოებული იყო 910,163 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 1,4%-ით ნაკლებია წინა წლის იანვარში წარმოებულთან (923.539 მლნ კვტსთ) შედარებით.

2026 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებული იქნა 576.293 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 72,3% -ით მეტია 2025 წლის იანვარში იმპორტირებულთან (334.549 მლნ კვტსთ) შედარებით.

ესკოს ვებგვერდზე საქართველოს 1995-2026 წლების ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული მონაცემებით, დღემდე იანვრის თვეში იმპორტირებული ელექტროენერგიის მაქსიმალური რაოდენობა იყო 414.095 მლნ კვტსთ (იანვარი, 2021 წელი).

საქართველოს მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოკუპირებულ აფხაზეთში გაზრდილია 30,821 მლნ კვტსთ-ით (188,975 მლნ კვტსთ-დან 219,796 მლნ კვტსთ-მდე) ანუ 16,3%-ით, ოკუპირებული აფხაზეთის გარეშე საქართველოში (ცხინვალის რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდება და მისი ოდენობა საქართველოს ხელისუფლებას ქვემდებარე სტრუქტურებიდან ვერ კონტროლდება) კი 210,923 მლნ კვტსთ-ით (145,574 მლნ კვტსთ-დან 356,497 მლნ კვტსთ-მდე) ანუ 144,9%-ით.

საქართველოს მიერ იანვარში იმპორტირებულ 576,293 მლნ კვტსთ ელექტროენერგიაში რუსეთის წილად მოდის388,960 მლნ კვტსთ ანუ 67,5% (მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში 219,796 მლნ კვტსთ ანუ 56,5%), თურქეთის წილად 118,780 მლნ კვტსთ ანუ 20,6%, სომხეთის წილად 63,649 მლნ კვტსთ ანუ 11%, ხოლო აზერბაიჯანის წილად 4,905 მლნ კვტსთ ანუ 0.9%.