„როგორც მოგეხსენებათ, საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ, მილიარდ ლარს გადააჭარბა და ჯამურად საპენსიო აქტივების მოცულობამ 4.8 მლრდ ლარი შეადგინა. დამეთანხმებით, რომ ასეთ მასშტაბურ შედეგს არავინ ელოდა და მეტიც, დასაწყისში ბევრი სკეპტიკურადაც იყო განწყობილი რეფორმის მიმართ.“ განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძე ხუთწლიანი საინვესტიციო შედეგების შეჯამების პანელური დიკუსიის გახსნისას.
მისი თქმით, ამ წლების მანძილზე ქვეყანამ გაიარა - პანდემია და მსოფლიო ეკონომიკური რყევები. მიუხედავად ამ რთული გამოწვევებისა, საპენსიო სააგენტომ პროფესიონალი უცხოელი კოლეგების, სამეთვალყურეო საბჭოს, საინვესტიციო სამსახურის და სააგენტოს თანამშრომლების ჩართულობით დღეს არსებულ შედეგებს მიაღწია.
გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შემდეგ, საპენსიო სააგენტო პირველი საჯარო ორგანიზაციაა, რომელიც, სულ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ბანკის ხაზინის, რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამას შეუერთდა. ჩვენ, მზად ვართ, გავიზიაროთ მსოფლიო ბანკის გამოცდილება საჯარო აქტივების მართვის საკითხებში, რაც თავის მხრივ, საპენსიო სააგენტოს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მოწვეულ 200-მდე სტუმარს შეახსენა, რომ ჯერ კიდევ შარშან საპენსიო სააგენტო ISO 27001 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიცირება წარმატებით გაიარა, რაც მონაწილეთა შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, მთლიანობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
„პერმანენტულად განვაგრძობთ სიახლეების დანერგვას და საპენსიო სააგენტოს სერვისების გაციფრულებას. ჩვენი ამოცანაა, დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეულ მონაწილეს გავუმარტივოთ ელექტრონულ სისტემაში საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ მათ ინტერესებზე მორგებული მომსახურება.“- განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ
მან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, საინვესტიციო საბჭოს წევრებს, სამეთვალყურეო საბჭოს, ასევე მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მუდმივად აშუქებენ საპენსიო სააგენტოს სიახლეებს.