ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი პოზიცია მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის საკითხზე, რომელიც დაახლოებით 2 ტრილიონ ევროს შეადგენს. როგორც Politico წერს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის წევრები კომპრომისისგან ჯერ კიდევ შორს არიან, თუმცა მთავრობები ცდილობენ, შეთანხმებას წლის ბოლომდე მიაღწიონ.

ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი კარლოს კუერპო Politico-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ინიციატივით გამოვიდა, რომელიც სხვა რიგი ქვეყნების პოზიციას ეწინააღმდეგება. მან მოუწოდა, რომ ევროკავშირის საერთო ხაზინაში დამატებითი ასობით მილიარდი ევრო გამოიყოს, აგრეთვე გადავადდეს იმ საერთო დავალიანების დაფარვა, რომელიც ევროკავშირმა პანდემიის შედეგების დასაძლევად 2021 წელს აიღო. მოქმედი გეგმა ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს ავალდებულებს, დაჩქარებულად დაფარონ დავალიანება და მომდევნო ბიუჯეტის ციკლის განმავლობაში ყოველწლიურად 25 მილიარდი ევრო გამოყონ.

ამით კუერპო სოფლის მეურნეობის, თავდაცვისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად წელიწადში 11 მილიარდი ევროს გამოთავისუფლებას გვთავაზობს.

"მომდევნო გრძელვადიანი ბიუჯეტი ევროკავშირის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ის დონეზე უნდა დაწესდეს, რაც შეესაბამება როგორც ეკონომიკის, ისე სოციალური ერთიანობის მხარდაჭერის ამოცანებს", — დაწერა ესპანეთის ფინანსთა მინისტრმა (აღსანიშნავია, რომ ესპანეთს ევროპულ ბიუჯეტში დონორი ქვეყნის სტატუსის მორგება პირველად მოუწევს).

Politico-ს ინფორმაციით, მის წინადადებებს მხარს უჭერენ ევროკომისია და ევროკავშირის სულ უფრო მეტი ქვეყანა, მათ შორის, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია და პოლონეთი.