საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო კურსი ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლების შესახებ. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე,ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ბერიძე აღნიშნავს, კურსი პასუხობს ენერგეტიკის დარგის თანამედროვე გამოწვევებს, ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი სპეციალისტების მომზადება-გადამზადებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ელექტროენერგეტიკის სფეროში პროფესიული განათლების მიმართულებით.
მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ახალი ჰიდროელექტროსადგურების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტების განხორციელება, არსებული ენერგოობიექტების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, მოითხოვს კადრებს, რომლებიც ერკვევიან თანამედროვე ტექნოლოგიებში, ავტომატიზაციისა და დისპეტჩერიზაციის სისტემებში.
„ელექტროენერგია წარმოადგენს ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. ენერგოსისტემების უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული ელექტროსადგურების ეფექტურ ოპერირებაზე, მართვასა და ტექნიკურ გამართულობაზე.
ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე ტექნოლოგიური პროგრესი, განახლებადი ენერგიის წყაროების მზარდი ინტეგრაცია, ელექტროსადგურების ავტომატიზაციისა და ციფრული მართვის სისტემების დანერგვა მოითხოვს მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც ფლობენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს ელექტროსადგურების ოპერირების მიმართულებით. ამასთან, ელექტროსადგურების ოპერირებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგოეფექტურობას, გარემოს დაცვასა და ავარიული სიტუაციების პრევენციას. ელექტროსადგურების ოპერატიული პერსონალისათვის აუცილებელია პროფესიული პასუხისმგებლობის, ტექნიკური აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარების ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია თანამედროვე ენერგეტიკული სისტემის და ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურების ეფექტური ოპერირებისათვის”, - აღნიშნავს ნუგზარ ბერიძე.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლების შესახებ კურსის ტრენერებად მიწვეულნი არიან აკადემიური წრეების, ენერგეტიკული კომპანიებისა და მარეგულირებელი კომისიის მაღალი რანგის სპეციალისტები. კურსის პირველი ნაკადის ტრენინგები მიმდინარე წლის 21 აპრილს დაიწყო და 16 ივნისამდე გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდგომ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.




