დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ახალციხეში გაიმართა, კომიტეტის წევრები სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
„აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პლატფორმაა, რომელიც ქართულ ბიზნესს აქტიურად უდგას გვერდით და ქვეყანაში ეკონომიკური პარამეტრების ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში, 40 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწია.
ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესის დიდი ნაწილი რეგიონებშია განთავსებული და კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების პროგრამები სწორედ რეგიონებში განხორციელდეს. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტი კომპანიები ჩაერთონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში, რადგან ადგილობრივი წარმოების განვითარება ხელს უწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებას“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე საანგარიშო პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო როგორც ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პროგრამებს, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წარმოებულ პროექტებს.
მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის სესხების თანადაფინანსების კუთხით, 2020-2025 წლებში 1359 სესხი გაიცა და დამტკიცებული სესხების მოცულობამ მილიარდ ლარს გადააჭარბა. მისივე თქმით, მიკრო გრანტების პროგრამის ფარგლებში, 877 ბენეფიციარზე გაიცა სესხი, საიდანაც 61 სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე მოდის.
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქართული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი სააგენტო და ამისთვის მთელი რიგი პროგრამები ხორციელდება. ეს შეეხება როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ტექნიკურ დახმარებას, ექსპორტის ხელშეწყობას და სხვადასხვა მიმართულებას, რომელსაც დღეისათვის სააგენტო ახორციელებს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
პრეზენტაციის შემდეგ კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
კომიტეტის წევრებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო თემებზე სააგენტოს ხელმძღვანელისგან განმარტებები მოისმინეს და სამომავლო საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს გაეცნენ.
კომიტეტმა სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრები და სამინისტროს წარმომადგენლები ახალციხის რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ იმ პროგრამებს, რომლებიც რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ხორციელდება.