„ადგილობრივი თვითმმართველობების მოვალეობაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყავთ ავტომობილები შეუქმნან კომფორტული, უსაფრთხო გარემო და მათ სწრაფ გადაადგილებას შეუწყონ ხელი“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ ოპოზიციის წარმომადგენლის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც დედაქალაქში მეტი საპარკინგე სივრცის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.
შალვა ოგბაიძის თქმით, რამდენიმე საპარკინგე სივრცის შექმნა 700 ათასი ავტომობილის პრობლემას ვერ გადაჭრის. როგორც შალვა ოგბაიძემ განაცხადა, ქალაქში 700 ათასი ავტომობილი გადაადგილდება, საპარკინგე ადგილი კი მხოლოდ 31 ათასია. მისივე განცხადებით, საკრებულომ ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის შეღავათები დააწესა და ელექტრომობილები სალიცენზიო და პარკირების გადასახადისგან სრულად გაათავისუფლა. შალვა ოგბაიძის თქმით, დედაქალაქის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც ფეხით მოსიარულის ინტერესებზეა მორგებული.
„ჩვენი ქალაქი უნდა იყოს არა ავტომობილების, არამედ ადამიანების ინტერესებზე მორგებული. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ჩვენ შემოგვყავს ახალი ავტობუსები. ძალიან მალე მოხდება მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის გადაიარაღება, დაემატება ახალი, გამჭოლი ვაგონები, რაც პიკის საათში მგზავრების გადანაწილებას შეუწყობს ხელს და ლოდინის დროს შეამცირებს“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.








