გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აშშ-ში, ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show საქართველოს პავილიონი მოეწყო.

გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი დავით ჩარკვიანი  ესწრებოდნენ.  

„სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები წელს უკვე მეათე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. ამჯერად, ქართული პროდუქცია აშშ-შია წარმოდგენილი. გასულ წლებში საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობა კომპანიებისთვის შედეგიანი იყო. წლევანდელი ჩართულობაც ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას“.- განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.   

საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აჩინებული“, „არომაპროდუქტი“, „კამპა“, „კულა“, „ხონის პლანტაციები“, „ალფაინ სფაისიზ“ წარმოებული  ხილის წვენები  და სუნელ-სანელებლები.

U.S. Private Label Trade Show მონაწილე კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას საქმიანი კავშირები დაამყარონ აშშ-ისა და კანადის წამყვანი საცალო ქსელების წარმომადგენლებთან, საბითუმო მოვაჭრეებთან და იმპორტიორებთან, წარუდგინონ საკუთარი პროდუქცია და განიხილონ კერძო სავაჭრო ნიშნით (Private Label) პროდუქციის წარმოების პერსპექტივები.