საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების არაერთი ბრიგადაა მობილიზებული.
„ამ მიმართულებით, პრაქტიკულად შეიძლება, ითქვას, რომ შეფერხება არ არსებობდა. პირველივე წუთებიდან, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. შესაბამისად, ადამიანები, ვისაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, პრაქტიკულად ყველა უკვე გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვისაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება.
ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული. მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ. ნუ წლოვანების გათვალისიწინებით, განსაკუთრებული ყურადღება და დაკვირვებაა მასზეა ჩვენი მხრიდან. ყველასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, თუმცა ბავშვთან მიმართებით განსაკუთრებით.
სხვადასხვა სახის და სიმძიმის დაზიანებებია და მეთვალყურეობის პროცესშია თითოეული მათგანი. იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრება საჭიროება სამედიცინო დახმარების, თითოეული მათგანისთვის აღნიშნული სამედიცინო დახმარება იქნება ხელმისაწვდომი“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ოფიციალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.








