თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალ ბიუჯეტურმა ჰოლანდიურმა ავიაკომპანია Transavia-მ დაიწყო ოპერირება. ნიდერლანდების სამეფოს ავიახაზებმა ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა, თბილისში 187 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო ამსტერდამში 185 გაემგზავრა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing 737-8 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი - თეა ზაქარაძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში - მელინე არაკელიანი, Transavia-ს აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნოიერი და საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. Air France - KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია ნიდერლანდებიდან 20 -ზე მეტი ქვეყნის 100 - ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.
Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.