ასეთი განცხადება უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავის სოციალურ ქსელში გააკეთა.

„გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცინიკურად უპასუხა ჩვენს მოწოდებებს. მას სურს, რომ ჩვენ უკრაინის მადლიერები ვიყოთ, მაშინ როცა თავად გადაკეტა მილსადენი, რომლითაც უნგრეთი მარაგდება. რამხელა უტიფრობაა!“ - ამბობს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში

ამ პოსტით ვიქტორ ორბანმა უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც ორშაბათს საღამოს მილსადენ „დრუჟბას“ აღდგენის შესახებ თქვა: „არავის აქვს განზრახვა, დაეხმაროს რუსეთს ნავთობის ტრანზიტიდან ფულის გამომუშავებაში და უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების დაფინანსებაში“ და დასძინა: “თანამგზავრიდან მართვის ცენტრი არ ჩანს. მილსადენი მიწისქვეშაა. როგორ შეეძლო ორბანს დაენახა, რა დაემართა მილსადენს?“ 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სპეციალისტებმა მილსადენი აღადგინეს, კიდევ ერთხელ შეიქმნა საბრძოლო სიტუაცია, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ. 

„ვინმეს ორბანისგან ან ფიცოსგან გაუგია, რომ ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ უკრაინის, ან რომ ძალიან ვწუხვართ დაშავებულთა ოჯახებისა და ნათესავების გამო? არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ, გარდა იმისა, რომ ისევ ვალში ვართ მათთან“, - თქვა ზელენსკიმ

ორბანმა ორშაბათს დილით გამოაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული თანამგზავრული სურათებისა და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბარაცაგის ნავთობსადენი ფუნქციონირებს. დღის განმავლობაში მან ასევე გამოაქვეყნა თანამგზავრული სურათები, რომლებიც, მისი თქმით, მის მტკიცებას ადასტურებდა. „შანტაჟის ნაცვლად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები და აღადგინოს ნავთობის მიწოდება უნგრეთში!“ - დაწერა მან იმ დროს თავის სოციალურ ქსელში.

ზელენსკის ამ განცხადებას წინ უძღოდა ორბანის მიერ სოციალურ ქსელში ორი თანამგზავრული ფოტოს გამოქვეყნება და ორბანის დასკვნა: თანამგზავრული ფოტოები არ ტყუიან. ნავთობსადენი „დრუჟბა“ არ დაზიანებულა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს შანტაჟი, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და აღადგინოს ნავთობის ტრანსპორტირება უნგრეთში.

ზელენსკის პასუხის შემდეგ ორბანმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა და მოუწოდა მას აღასრულოს შეთანხმებები, რომლებიც უკრაინას ავალდებულებს ნავთობის ტრანსპორტირებას „მეგობრობის“ მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით.

„მოვუწოდებ ევროკომისიას, მხარი დაუჭიროს უნგრეთს უკრაინული ენერგეტიკული იარაღის განიარაღებაში. მე მოველი, რომ ევროკომისია გააძლიერებს პოლიტიკურ ზეწოლას უკრაინაზე, რათა უზრუნველყოს, რომ ეს არ შეარყევს უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ასევე, მე მოველი, რომ ევროკომისია აღასრულებს ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების შეთანხმების დებულებებს.

ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ უცხო ქვეყნის ჩარევას ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში და ჩვენ მოვიგერიებთ ნებისმიერ ასეთ მცდელობას. ამ სულისკვეთებით, მინდა გაცნობოთ, რომ სანამ უკრაინა ნორმალურ ცხოვრებას არ დაუბრუნდება, მე ვერ შევძლებ ევროკავშირში უკრაინისთვის ხელსაყრელი არცერთი გადაწყვეტილების მხარდაჭერას“ - წერს ვიქტორ ორბანი ურსულა ფონ დერ ლაიენს.


აღსანიშნავია, რომ გუშინ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაუფარავად განაცხადა, რომ სურს არჩევნებში ორბანის დამარცხება.

„უნგრეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ მას სამხედრო წონა არ აქვს. მე მასთან არ ვსაუბრობ, რადგან მას არ სურს, მაგრამ  რობერტ ფიცოსთან კონტაქტს ვინარჩუნებ. მე მჯერა, რომ ორბანი არჩევნებში დამარცხდება და შემდეგ ჩვენ შევძლებთ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს ბრიტანულმა გაზეთმა „ფაინენშელ ტაიმსმა“ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ომის დაწყების ოთხი წლისთავზე კიევში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ მოითხოვეს მილსადენ „დრუჟბაზე“ წვდომა ზიანის დამოუკიდებლად შესაფასებლად, მაგრამ უარი მიიღეს.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა ჩვენთა საუბრის დროს განაცხადა, რომ მილსადენის აღდგენა  მოითხოვს სარემონტო ჯგუფების გაგზავნას პოტენციურად საშიშ ადგილებში და შეზღუდული რესურსების გამოყენებას და ამასთან ერთად, მან იკითხა: 

„რატომ უნდა შევაკეთოთ მილსადენი — ომის დროს და ცეცხლის შეწყვეტის გარეშე — რომელიც რუსული ნავთობით რუსეთის მეგობრებს ამარაგებს?“