ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატამდე დღეები რჩება. როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანის მიშელ ვიონის შეფასებით: „ბაკურიანი 2023-ის მიმართ დიდი მოლოდინები გვაქვს. ყველა ტრასა კარგად არის მომზადებული. ვფიქრობ, ბაკურიანში მაღალი დონის შეჯიბრებას ვიხილავთ. წინ დაძაბული ორი კვირა გველის. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასცდეს იმ ქვეყნების საზღვრებს, რომლებიც ჩემპიონატს ტრადიციულად მასპინძლობენ. ამით ზამთრის სპორტი უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იმედი მაქვს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად ვიხილავთ“.
მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება საქართველოში და ამ სპორტული მოვლენის წარმდგენი კომპანია სილქნეტია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია საქართველოს სათხილამურო ფედერაციას უდგას მხარში, მისი გენერალური სპონსორია.
„ამ ჩემპიონატს უდიდესი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკის, სპორტის, საზოგადოებრივი ცხოვრების პოზიტიური განვითარებაზე. ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყველა მესვეურისგან, სხვა ფედერაციებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა. მზადების წლები და ჩადებული შრომა დაფასდა. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვხვდებით 2023-ს და შეგვიძლია ვიამაყოთ ამით. ზამთრის სეზონს დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს კურორტებზე, რაც ტურიზმს გააორმაგებს და დიდ სიკეთეს მოუტანს სამომავლოდ ქვეყანას“- განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი საზეიმოდ 18 თებერვალს გაიხსნება.
ერთად ვუქომაგოთ საქართველოში პირველ მსოფლიო ჩემპიონატს!