წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული დღესასწაულია - საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც ზეიმობს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“
26 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით, თემატური პავილიონებითა და შემეცნებით-გასართობი სივრცეებით ჩართული იქნება საზეიმო ღონისძიებებში, მათ შორის: ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში.
ქუთაისში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თემატური, საბავშვო-გასართობი, შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული ზონებით, სპორტული აქტივობებით და თემატური ინსტალაციებით.
ქუთაისში ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება წარმოდგენილი ინოვაციური სტენდით. სააგენტო გეგმავს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის დრონების დემონსტრირებას.
თელავში განთავსდება ენერგეტიკასთან დაკავშირებული საგამოფენო ინსტალაციები, იქნება შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ფოტოზონა, საბავშვო-გასართობი სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და საზეიმო კონცერტი. ამ სამზადისში აქტიურადაა ჩართული სამინისტროს სისტემაში შემავალი ენერგეტიკული პროფილის უწყებები და ორგანიზაციები: საქრუსენერგო, ნავთობის და გაზის კორპორაცია, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა და ენგურჰესი.
ასევე თელავში წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა - მოეწყობა ფოტოზონები და ფოსტის საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიული საგამოფენო ინსტალაციები, საბავშვო-გასართობი სივრცე და ა.შ.
ამბროლაურში სამინისტროს წარმოადგენს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ - აქ ავიაციის თემატიკით მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა, ასევე ინსტალაციები და ფოტოზონა და იმუშავებს საბავშვო-გასართობი სივრცე.
ფოთში წარმოდგენილი იქნება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე ბათუმის საზღვაო აკადემია. გამოფენილი იქნება ინსტალაციები საზღვაო თემაზე (გემი, შუქურა), წარმოდგენილი იქნება გემის კოსტიუმირებული პერსონალი. მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს საგამოფენო სივრცე, ფოტოზონა და საბავშვო-გასართობი სივრცე მასტერკლასებით და თამაშებით.
ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საქართველოს რკინიგზის აქტივობები, მათ შორის, მგზავრებთან გათამაშდება საქართველოს რკინიგზის ისტორიის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინა, 17:10 საათზე კი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება რკინიგზის სადგურებზე და მატარებლებში.




