აზერბაიჯანული მედია, ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის ექსპორტის მიმოხილვის ივლისის ნომერზე დაყრდნობით, არასანავთობო სექტორში აზერბაიჯანის ექსპორტის შესახებ იტყობინება.

ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის ექსპორტი არასანავთობო სექტორში 9.9 პროცენტით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამ პერიოდში არასანავთობო სექტორიდან ექსპორტირებულ საქონელს შორის პომიდორი პირველ ადგილზე იყო 149 მილიონი დოლარის მოცულობით. მეორე ადგილზეა ოქრო (144 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - ბამბა (98.6 მილიონი აშშ დოლარი).

იანვარ-ივნისში ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიისგან მიღებულმა შემოსავალმა 38,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 12.5 მილიონი დოლარით ანუ 32.4 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებელზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ესკოს მონაცემების თანახმად, საქართველომ 2025 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანიდან 344 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია შემოიტანა, რაშიც დაახლოებით 16 მილიონი დოლარი გადაიხადა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მოცულობასთან (39,345 მლნ კვტსთ) შედარებით გაზრდილია 774%-ით.