2023 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 425.4 ლარით, ხოლო კაცების – 2 099.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 177.7 ლარი, ანუ 14.2 % შეადგინა, ხოლო კაცებში – 272.9 ლარი, ანუ 14.9%. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 14.5 პროცენტით ანუ 223.8 ლარით გაიზარდა და 1 766.8 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა, თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო ისეთ დარგებში, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 858.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.2 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 3 215.2 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 17.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 506.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 9.7 პროცენტით).
2023 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 420.3 ლარით, ანუ 22.0 %-ით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. 2022 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.7 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 13.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 487.5 და 1 907.9 ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 221.4 ლარით, ანუ 13.8%-ით გაიზარდა და 1 827.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 958.3 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.1 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 813.9 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 8.2 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 226.0 ლარით, ანუ 15.9%-ით და 1 649.6 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.