საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა . ცენტრს 17 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი შეემატა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასწრაფოს დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.

განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გაიხსნა გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ადმინისტრაციული ოფისი, სადაც 324 თანამშრომელი მუშაობს. მიმდინარე წელს, მეორედ გაიზარდა  თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება, რომელიც  2024  წლიდან ისევ მოიმატებს.  დაინერგა ახალი სტანდარტები და კრიტერიუმები, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უნდა აკმაყოფილებდნენ.

ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 რეანიმობილი, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2023 წლის ივლისში შეიძინა. მათი,  გადანაწილება გადაუდებელი დახმარების ცენტრებში  ეტაპობრივად გრძელდება.  ავტომობილები, ჯანდაცვის სამინისტრომ, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შეიძინა.