მიხეილ სააკაშვილი: დღევანდელი შედეგები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გავრცელების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ აღნიშნული დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. 

"მინდა, მოგმართოთ წინასწარ გამოცხადებულ შედეგებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ეს არის წინასწარი შედეგები, საბოლოო დათვლა წარმოებს და ეს არის პროპორციული არჩევნების შედეგები. აბსოლუტურ უმრავლესობაში მაჟორიტარული ოლქების ჩვენ გვექნება მეორე ტური და თითქმის ყველგან, ჩემი წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ასევე გადიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიის თითოეული წევრი ახლა ბოლომდე იბრძოდეს, თვლიდეს ოქმებს ბოლომდე, არ მისცეს საშუალება რაიმე სახის მანიპულაციების და გვესმოდეს, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. რა თქმა უნდა, დღევანდელი შედეგები არ იძლევა დაწყნარებისა და დამშვიდების საფუძველს. ჩვენი ქვეყანა შეიძლება, ძალიან მძიმე განსაცდელში აღმოჩნდეს და ძალიან საშიშ პერიოდში. ამიტომ ახლა "ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და ყველა სხვა პატრიოტ ადამიანს, რომელიც არის წარმოდგენილი საარჩვენო პორცესში კომისიებში მართეს განსაკუთრებული გულმოდგიება და ბრძოლისუნარიანობა. 

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ერთადერთი ძალა, ვინც დარჩა ამ ფლანგისა და ფრონტის წარმომადგენლად ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". პარტია, რომლის ლიდერი მაიძულეს წავსულიყავი ქვეყნიდან. სხვა ლიდერები არიან ციხეში მოგონილი ბრალდებებით. პარტია, რომელსაც გადაუკეტეს დაფინანსების ყველა წაყრო, რომლის აქტივისტებს ყოველდღიურად დევნიდნენ დაწყებული სამსახურებიდან გაგდებით დამთავრებული სისხლის სამართლის საქმეებით. მაინც ვერ გაგვანადგურეს. მაინც ძალიან ბევრი ვართ და დღევანდელმა დღემ როგორც არასდროს, ეს დაადასტურა. 

ე.ი, მაინც არსებობს მომავალი და ეს მომავალი ეფუძნება "ნაციონალურ მოძრაობას" მათ შორის თავისი განახლებული შემადგენლობით და დარწმუნებული ვარ, რაც  არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" მოუღებს მის მმართველობას ბოლოს. მაგრამ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალ პარლამენტში მაქსიმალური ძალებით ვიყოთ წარმოდგენილი. ამიტომ მე მინდა, მოგიწოდოთ ყველას, ვინც ახალ კომისიებში მუშაობს, შემდგომი საათების განმავლობაში ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და საბოლოო ჯამში აუცილებლად დავაგვურგვინებთ ამ ბრძოლას გამარჯვებით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი. "ნაციონალური მოძრაობა" გადარჩა, განახლდა, მისი მარგინალიზება ვერ მოხერხდა და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად გვექნება მომავალი. მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც დღეს ხმა მოგვცა. თქვენ ხმა მიეცით საქართველოს გადარჩენას",- განაცხადა სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 39.8% აიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ხმათა 32.47%.

რაც შეეხება GDS-ის, "მაესტროს", "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ერთობლივ ეგზიტპოლს, მისი მიხედვით "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის ხმების 53.8%, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმათა 19.5% აიღო. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...