დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, სადაც ათეულობით სურო ძირშია გადაჭრილი.

მისივე თქმით, გულგრილობის ნაცვლად, ვანდალიზმის გახშირებულ ფაქტებს ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.

„ვანდალიზმის ფაქტები საკმაოდ ხშირია. ეს მძიმეა როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს. ყველაფერი რაც კეთდება, კეთდება თქვენივე ფულით, ჩვენ ამას მხოლოდ ვამენეჯმენტებთ. ასევე, ყველა პროექტში ჩადებულია უამრავი ადამიანის შრომა. ამიტომ, გულდასაწყვეტია, როცა კონკრეტულ სივრცეებს, ინფრასტრუქტურას აზიანებენ, ანადგურებენ. ხშირ შემთხვევაში, ამას პატარები, ახალგაზრდები აკეთებენ, რასაც უფროსები გულგრილად უყურებენ. ეს არის საერთო პრობლემა, რომელსაც ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ - ახალგაზრდებს ავუხსნათ, რომ ეს ყველაფერი მათი საკუთრებაა და მოქალაქეების განტვირთვისა და დასვენებისთვის კეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქში გამონაბოლქვის თვალსაზრისით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, თითოეულ გამწვანებულ არეალს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.

„რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის მოწმენი გავხდით მეტეხის ხიდის მიმდებარედ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძირში გადაჭრეს ათეულობით სურო, რომელიც პანდუსის კედელს ალამაზებდა. ქალაქში, დაახლოებით, 600 ათასი ავტომანქანა მოძრაობს, რომელთა დიდი ნაწილი არის ძველი, 15 წლის ზემოთ. ასევე, დიდ ნაწილს კატალიზატორი საერთოდ არ აქვს და გამონაბოლქვის თვალსაზრისით, უდიდესი პრობლემა გვაქვს.  შესაბამისად, თითოეულ ხეს, პარკს, რეკრეაციულ სივრცეს, გამწვანებულ არეალს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ამის ფონზე, ვანდალიზმის ფაქტებს რომ ვაწყდებით, ძალიან გულდასაწყვეტია. ყველას მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიზრუნოთ ამ ქალაქზე, გავუფრთხილდეთ მას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.