ირაკლი ღარიბაშვილი: “პოლიტიკური შინაარსის განცხადება თავდაცვის უწყებას არ უნდა გაეკეთებინა”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში ქართველი სამხედროს, ალექსანდრე გრიგოლაშვილის შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, თვითონ თავდაცვის მინისტრი აღშფოთებულია მომხდარის გამო.

"მეც არ მომეწონა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება. მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება თავდაცვის უწყებას არ უნდა გაეკეთებინა. მე თავად ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია. მინდა პირველ რიგში მწუხარება გამოვთქვა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს და მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება განცხადებას, მე მას არ ვიზიარებ, მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებას, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ამ ფაქტის დრამატიზებას ნუ მოვახდენთ, შეცდომა ყველას მოსდის, არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეული. მაგრამ, შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრს არ გაუჭირდება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც უკრაინის ბატალიონ “აიდარში” იბრძოდა, 18 დეკემებერს, სეპარატისტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს. მომხდარზე თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც უწყებამ გრიგოლაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად