ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე", დასრულდა უეფას ევროპა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა.

ევროპა ლიგის ექვსგზის გამარჯვებულ „სევილიას" მეტოქე ევროპული ტურნირებზე ორგზის გამარჯვებულ (1961 -უეფას ბაზრობათა თასი და 2022 - კონფერენც ლიგა) „რომას" ხვდებოდა.

შეხვედრის პირველ ნახევარში „რომა" უკეთ გამოიყურებოდა და მათ შეძლეს კიდეც ტაიმის მოგება. გოლი 35-ე წუთზე პაულო დიბალამ  ჯანლუკა მანჩინის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გაიტანა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 10 წუთში ჯანლუკა მანჩინიმ საკუთარ კარში გაიტანა გოლი. 

67-ე წუთზე როჟერ იბანესმა გაუშვა ხელიდან კარის აღების რეალური შანსი, ამის შემდეგ კი ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დამატებით დროში ბურთს „სევილია" აკონტროლებდა, თუმცა არ რისკავდა, „რომა" კი თავს იცავდა და შანსს ელოდა. მან ეს შანსი 120+11 წუთზე მიიღო, მაგრამ ნიკოლა ზალევსკის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კრის სმოლინგის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ზედა ძელს მოხვდა.

საბოლოოდ თასის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ჯერ ჯანლუკა მანჩინის დარტყმული მოიგერია ესპანელთა მეკარემ, შემდეგ კი როჯერ იბანესმა მოარტყა ბურთი ძელს, „სევილიამ" კი ოთხი პენალტი ზუსტად შეასრულა და მეხუთის დარტყმა აღარ გახდა საჭირო.

ჟოზე მოურინიომ, რომელმაც 2003 წელს უეფას თასი (ევროპა ლიგის ადრინდელი სახელწოდება) მოიგო („პორტუ), 2004წელს ჩემპიონთა თასი („პორტო"), 2010 წელს ჩემპიონთა თასი („ინტერნაციონალე"), 2017 წელს ევროპა ლიგა („მანჩესტერ იუნაიტედი"), 2022 წელს კი კონფერენც ლიგა („რომა), პირველად დამარცხდა ევროპული თასის ფინალში, „სევილიამ" კი მეშვიდედ (2006, 2007, 2014, 2015, 2016, 2020 და 2023) იზეიმა ევროპა ლიგის თასის მოგება და ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების გათამაშებაში ესპანეთიდან „ბარსელონასთან", „რეალთან", „ატლეტიკოსთან" და „რეალ სოსიედადთან" ერთად მიიღებს მონაწილეობას.