დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების მიზანია დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და მართვის შესაბამისი მიდგომების განსაზღვრა

მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას წარმოადგენენ. დაინტერესებული მხარეები მენეჯმენტის გეგმის შემუშავების საწყის ეტაპზევე წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებს და რეკომენდაციებს დაცული ტერიტორიის განვითარების კუთხით. მათი შეხედულებები და პოზიციები ასახული და გათვალისწინებულია დოკუმენტში.

შეხვედრაზე მენეჯმენტის გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა, ასევე, საუბარი შეეხო გრძელვადიან მიზნებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს მენეჯმენტის გეგმაში და რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიის მდგრად მართვას, მათ შორისაა: დაცული ტერიტორიების დაცვა-პატრულირება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ეკოტურიზმის განვითარება, ხანძრების, მავნებელ დაავადებათა მართვა, გარემოსდაცვითი განათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადმინისტრაციის თანამშრომელთა ცოდნისა და უნარების გაძლიერება.

დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული - დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ - დებულების შესაბამისად მიმდინარეობს.

თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის GRF პროგრამის ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.