“წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედავ ვალშია მათ წინაშე” – ომში წასვლის წინ ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას ეროვნულმა გმირმა, ჟიული შარტავამ.

“მე და შენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. არ მახსოვს, შენ რომელიმე ჩემს თხოვნაზე ან დავალებაზე უარი გეთქვა. ყველაზე საბედისწერო თხოვნა კი იყო ის, აფხაზეთის გადასარჩენად სოხუმში წასვლა რომ გთხოვე. მადლობელი ვარ მე და მთელი ქართველი ხალხი იმისათვის, რომ შენ ქვეყნის სახელით მიიღე ეს დავალება. ერთი რამ არ შეასრულე ჩემი თხოვნიდან და ჩემი ბრძანებიდან, ჟიული – ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, როცა ალყაში ექცეოდა, ალყაში ხვდებოდა მთავრობის სასახლე. მაშინ მე გითხარი: სასწრაფოდ გამოდით!.. რაღაც ძალებიც გადმოგისროლეთ… მაგრამ, შენ არ გამოხვედი მთავრობის სასახლიდან მანამ, სანამ ყველა თანამშრომელმა არ დატოვა შენობა.

მე მახსოვს, როგორ დაეცა მსოფლიოში სახელგანთქმული ლეგენდარული ალიენდე – სწორედ ისე, როგორც შენ. შენ საქართველოს ალიენდე ხარ და ასეთად დარჩები ჩვენი ხალხის ისტორიაში, ჩვენს გულსა და მეხსიერებაში…” იხსენებდა ედუარდ შევარდნაძე დემიკო ლოლაძის წიგნში – „ჟიული შარტავა, უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქვა:

„ერთ მაგალითს გიამბობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი. კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ, შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმად მორწმუნე გახდა.

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული (დავითი – ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ, სამშობლო გადამირჩინეო. სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა.

ავტორმა არ იცოდა, რომ, პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა:

„ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ, ერთი კია – გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია.” ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და, ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში”.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993, გენერალ-მაიორი. 1993 წ. 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა.

სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

ჟიული შარტავა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ.

1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.