ანს ჰენრი პ. კლუგეს, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორის და რეჯინა დე დომინიჩისის, UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის ერთობლივი განცხადება

"ვაქცინით მართვადი დაავადებები ბრუნდება ევროპის რეგიონში, რაც საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.
 
წითელა, ყივანახველა და დიფტერია, დაავადებები, რომელთაც ოდესღაც წარსულის ნაწილად მივიჩნევდით, მატულობს ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანაში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი საფრთხის წინაშეა - არა იმიტომ, რომ არ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, არამედ იმიტომ, რომ ყველასთვის სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინები არ არის ხელმისაწვდომი.
 
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და იუნისეფი მოუწოდებენ მთავრობებს იმოქმედონ ახლავე - შეინარჩუნონ მიღწეული პროგრესი, შეამცირონ იმუნიზაციის ხარვეზები და უზრუნველყონ ვაქცინების ხელმისაწვდომობა ყველასთვის და ყველგან. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ქვეყნებს წინსვლა ჯანმრთელობის უსაფრთხოების, სოციალური სტაბილურობისა და კეთილდღეობისაკენ.
 
იმუნიზაციის წყალობით, რეგიონში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მრავალი დაავადების ტვირთი მკვეთრად შემცირდა. დღეს უკვე მიუღებლად მიგვაჩნია, რომ ბავშვები ტეტანუსით ან დიფტერიით იღუპებოდნენ, პოლიომიელიტით დამბლა განუვითარდეთ ან წითურათი დაბრმავდნენ, მაშინ როცა მათი დაცვის საშუალებები გვაქვს.
 
პნევმოკოკური ბაქტერიების, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის (RSV), COVID-19-ის და გრიპის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინები ამჟამად იცავს ბავშვებსა და ზრდასრულებს რესპირატორული დაავადებებისგან. B ჰეპატიტისა და ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამცირებს კიბოს რამდენიმე სახეობის რისკს. ორსულობის დროს ყივანახველას, გრიპის, COVID-19-ის და RSV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეხმარება ქალებსა და ჩვილებს გადარჩენასა და განვითარებაში.
 
თუმცა, რეგიონში ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები ერთ ადგილზეა გაჩერებული, ზოგიერთ ქვეყანაში კი - მცირდება. ეს ტენდენცია ჯანმრთელობისთვის სწრაფად განვითარებად საფრთხედ უნდა ჩაითვალოს. ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი აცდენს რუტინულ იმუნიზაციას, რაც იწვევს ვაქცინით მართვადი დაავადებების მიმართ დაუცველი ბავშვებისა და მოზრდილების რიცხვის ზრდას.
 
შედეგები უკვე თვალსაჩინოა.
 
2024 წელს ევროპის რეგიონში წითელას შემთხვევებმა 127,000-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 27 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყივანახველას შემთხვევებმა 2023 წელს 87,000-ს მიაღწია, რაც ბოლო 29 წლის განმავლობაში ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დიფტერიის შემთხვევებიც გაიზარდა 578-მდე 2022 წელს და 264-მდე 2023 წელს, მაშინ, როცა ბოლო 13 წლის განმავლობაში მხოლოდ 100 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
 
ევროპის რეგიონში პოლიომიელიტის ენდემური გადაცემა 20 წელზე მეტია არ მომხდარა. თუმცა, იზრდება ვირუსის იმპორტირებული შემთხვევები, რაც გამოვლინდა ჩამდინარე წყლების რუტინული მონიტორინგის შედეგად. ეს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელშიც პოლიომიელიტის ვაქცინაციით დაფარვა არასაკმარისია.
 
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ვაქცინით მართვადი დაავადებების შედეგად წარმოქმნილმა ტვირთმა შეიძლება შეაფერხოს ჯანდაცვის სისტემების უნარი, მართონ ეს შემთხვევები და შეამციროს მათი მდგრადობა ჯანმრთელობის ახალი გამოწვევების წინაშე.
 
სწორედ ამიტომ, დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და იუნისეფი მოუწოდებენ ყველა ქვეყანას, სასწრაფოდ შეინარჩუნონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიღწევები სამი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმით:
ვაქცინებისა და იმუნიზაციის სერვისების დაფინანსების ჯანდაცვის მთავარ პრიორიტეტად შენარჩუნება და ახალი ვაქცინების კვლევისა და განვითარების ხელშეწყობა.
ვაქცინაციის ადვილი და დროული ხელმისაწვდომობა ყველასთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შორეულ, სოფლის ან არასაკმარისად ვაქცინირებულ თემებს.
ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება მკაფიო კომუნიკაციით, ჯანდაცვის სპეციალისტების გაძლიერებით, თემების ჩართულობით დეზინფორმაციის წინააღმდეგ,
 
სხვადასხვა ქვეყანასა და თემს პრობლემის განსხვავებული გადაწყვეტა სჭირდება. ზოგიერთ ქვეყანაში, არასაკმარისად ვაქცინირებული თემების ასაცრელად შესაძლოა საჭირო გახდეს მობილური იმუნიზაციის კლინიკები და კამპანიები კარდაკარ. სხვა ქვეყნებში კი, შეიძლება მარტივმა შეხსენებებმა ან გამარტივებულმა ვიზიტებმა პირველად ჯანდაცვაში გადაჭრას პრობლემა. ყველა ქვეყანაში ძალისხმევა უნდა მოიცავდეს ჯანდაცვის სპეციალისტების მხარდაჭერას, რათა თავდაჯერებულად უპასუხონ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს და გააუმჯობესონ დიალოგი თემებთან, რათა გაიგონ მათი წუხილები და ებრძოლონ დეზინფორმაციას.
 
ჩვენ ვიცით, რა მუშაობს: ვაქცინაციის სამართლიანი და სრული მოცვა. ეს ყველა ქვეყანას დაეხმარება დაავადების აფეთქების თავიდან აცილებაში, ჯანდაცვის სისტემაზე ტვირთის შემსუბუქებაში და სიკვდილიანობის შემცირებაში. ერთად, ჩვენ შეგვიძლია დავანახოთ ვაქცინების სრული სარგებელი - ყველა ასაკში. “იმუნიზაცია ყველასთვის”, რომელიც „ჯანმრთელობა ყველასთვის“ იდეის უფრო ფართო ქოლგის ქვეშ არსებობს, ადამიანურად შესაძლებელია." -  ინფორმაციას ევროპის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი საქართველოში ავრცელებს.