საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში სამხედრო ბაზებზე ევროსტანდარტების ფოტო ვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა მიმდინარეობს.
ვაზიანში მდებარე მე-4 ქვეითი ბრიგადის სრულად რეაბილიტაციისა და მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. ფოტო ვოლტური ელექტროსადგური თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
3 500 მ2 დამონტაჟებული პანელები, დაახლოებით, 500 კვტ ენერგიას გამოიმუშავებს. საქართველოს თავდაცვის უწყებამ ფოტო ვოლტური ელექტროსადგურის (მზის პანელები) პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს, მათ შორისაა სამინისტროს მხრიდან პროექტირება, მონტაჟი, რომელიც სსსტც “დელტამ“ შეასრულა, აუდიტორიული კვლევის ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. დარჩენილი თანხა კი, სააქციო საზოგადოებამ „ვიასოლის ენერგია“ გაიღო. პროექტი საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავებას ითვალისწინებს, რაც საკმაოდ დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფოტო ვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებშიც იგეგმება.