ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ცხრა გასროლის ხმა გაიგეს. როგორც თვითმხილველები საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობენ, მკვლელობის ადგილზე ნახეს ერთი მოკლული მამაკაცი და მისი თანმხლები პირი, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი და დახმარება აღმოუჩინეს.
მათივე თქმით, დაჭრილი საკუთარი ფეხით გადაადგილდებოდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
რაც შეეხება დამნაშავეს, თვითმხილველები ამბობენ, რომ ვერ დაინახეს, როგორ მიიმალა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან, ან რით გადაადგილდებოდა.
ადგილზე მოკლულის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან, რომლებმაც პირველ არხს განუცხადეს, რომ მოკლული 58 წლის ბიზნესმენია, რომელსაც ბიზნესი საზღვარგარეთ ჰქონდა. ცხედარი ჯერ არ გადაუსვენებიათ ექსპერტიზაზე.
ჭავჭავაძის გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია. ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 336-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში