სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს, 14 მარტს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
პროცედურულად, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა სააკაშვილმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, თუმცა, უცნობია, გამოიყენებს უფლებას თუ არა.
გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.
კონკრეტული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს: ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული.
აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.