საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ამავე ბიბლიოთეკის მიერ 2023-2025 წლებში შეძენილი უნიკალური ექსპონატები გამოიფინა.
წარმოდგენილი იყო რევოლუციამდელი პერიოდის ღია ბარათების კოლექცია საქართველოს ხედებით; აფიშების კოლექცია; ილია ადამიას ეთნოგრაფიული ჩანახატები; თვითნასწავლი მხატვრების - კარაპეტ გრიგორიანცისა და ტარიელაშვილის ნახატები; წიგნები: „ბიზანტიური ემალი“ (ფრანგულ ენაზე, 1892 წ.), სტრაბონის „გეოგრაფია“ (1512 წ.), „დონ კიხოტის იკონოგრაფია“ (1879 წ.); ივანე ჯავახიშვილის ანკეტა; არჩილ ჯორჯაძის წერილი (ავტოგრაფით); ალბომი ქართველი მწერლების ავტოგრაფებით; კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები; ერეკლე ჯაბადარის ნოტები ავტოგრაფით; XVIII საუკუნის რუკა (კავკასია და მეზობელი რეგიონები); დოკუმენტები კიტა აბაშიძის არქივიდან.
ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდები ყოველწლიურად ივსება კერძო პირებისა და კოლექციონერებისგან შეძენილი სამეცნიერო თუ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა კოლექციით, მათ შორის, იშვიათი გამოცემებით, არქივებით, წერილებით, პლაკატებით, ფოტოებითა თუ სხვა ბიბლიოგრაფიული ერთეულებით.
გამოფენა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ პირველ მოადგილესთან - მაკა გურგენიძესთან და მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაათვალიერა.
"ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდები ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ინახება დიდი სიმდიდრე, რომელსაც მოფრთხილება, კვლევა და პოპულარიზაცია სჭირდება.
დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლიოთეკის გუნდი კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე იქნება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.









