ეროვნული ბიბლიოთეკა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობ.
"ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსის ცვლილების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკურ ბიბლიოთეკას 1990 წელს ეწოდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულებით ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა და ეწოდა „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“. 2000 წლიდან ბიბლიოთეკა ილია ჭავჭავაძის სახელობისაა.
2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად შეიცვლება ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი და ის გახდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ-ის), რომელზედაც გავრცელდება „საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ - ანუ ის მოხვდება იმ სსიპ-ების ჩამონათვალში, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. ეს აღნიშნულია „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ კანონშიც.
საკანონმდებლო ცვლილებებით დაზუსტებულია ისიც, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას უნარჩუნდება ილია ჭავჭავაძის სახელი, თანამშრომლებს შეუნარჩუნდებათ საჯარო მოხელის სტატუსი, ნარჩუნდება ასევე საშტატო განრიგი, ბიბლიოთეკის მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი. არ იგეგმება რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. გაგრძელდება ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მიმდინარე პროექტი.
ცვლილება ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც განისაზღვრება დაწესებულება, რომელსაც დაექვემდებარება ეროვნული ბიბლიოთეკა მომავალში. აქამდე ეს იყო საქართველოს პარლამენტი, მიმდინარე წლის მარტიდან კი ეს იქნება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც თბილისში დაარსდა „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“. საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით ასრულდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების ოცნება, თბილისში შექმნილიყო ისეთი ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
მას შემდეგ თითქმის ორი საუკუნე გავიდა და ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლის სტატუსი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, რჩება ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკად და ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპოზიტარიუმად. კანონში აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვითაც ის იყო და არის საქართველოში საბიბლიოთეკო პოლიტიკის გამტარებელი კულტურის სამინისტროსთან ერთად. " - ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის გავრცელებულ განცხადებაში.