საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი 3 111-დან) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
"საიამ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა არაერთი საჩივარი, რომლითაც ჩვენ ვითხოვთ 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას და ეს არის ის უბნები, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. სიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ამ უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.
საია დავობს რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. ხმის მიცემის ფარულობა არის საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტი, რომლის დარღვევის შემთხვევაში უფლების დარღვევის მასშტაბი ფიქციური ხდება და ეს არის გარანტია, რომ ადამიანის არჩევანი იყოს ფარული და ამ პრინციპის დარღვევის შემთხვევაში მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არჩევნების ფარულობის საკითხი და მისი შედეგები", – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ასევე მიუთითებენ, რომ თითქმის ყველა უბანზე დამონტაჟებული იყო "ქართული ოცნების" კამერები, რომლებიც ძირითადად უყურებდა ყუთს, სადაც თავსდებოდა ბიულეტენები, ხოლო ბიულეტენების სისქე არ იძლეოდა შესაძლებლობას, უკანა მხარეს არ ყოფილიყო შესაბამისი კვალი.
საია აღნიშნავს, რომ ადამიანს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, ფარულად დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი.