ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 21:00 საათის მდგომარეობით მის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს.
"21:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. მისიამ 15:00-იდან 20:00-მდე გამოავლინა ხმის ფარულობის დარღვევის, ფიზიკური ძალადობის და მუქარის, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები.
საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ცუდი პრაქტიკის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 21 საჩივარი.
უბნების შიგნით და უბნებიდან 100 მეტრის პერიმეტრში ისევ გაგრძელდა ამომრჩეველთა აღრიცხვა და დიდი რაოდენობით მოქალაქეთა შეკრება.
საიას დამკვირვებლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე - კომისიის წევრი, ხოლო უბნის გარეთ - უცნობი პირი თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს ფაქტზე რეაგირება.
ამასთან, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნებოდა აგრესია და მტრული გარემო მედიის წარმომადგენლების მისამართით. გამოვლინდა შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რომლებზეც საიამ ცალკე განცხადება გაავრცელა.
საიამ, ასევე, აღრიცხა ფიზიკური დაპირისპირების და შელაპარაკების რამდენიმე შემთხვევა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის, შესაძლოა, სახეზე იყოს არჩევნებში ნების გამოვლენის ხელშეშლა; კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა; ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა", – აცხადებენ ორგანიზაციაში.