საქართველოს პრეზიდენტის, UNESCO-ს პატრონაჟით, საქველმოქემოდო ფონდი „ლირას“ ორგანიზებით და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 2025 წლის 2–6 დეკემბერს, ბათუმი შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეთორმეტედ უმასპინძლებს.
ხუთი დღის განმავლობაში ბათუმი საერთაშორისო კულტურული დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმად გადაიქცევა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოს კულტურულ პოტენციალს ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გააცნობს.
ფესტივალს გახსნის ფოლკროლური ანსამბლი „ბათუმი“, ხოლო ფესტივალის დღეებში წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები.
სცენაზე წარსდგებიან, იაპონელი პიანისტი უსუი ტოშიკი, აჰმედ ალ ჰაშემი, საერთაშორისო კონკურსი French Riviera-ს ფინალისტი ბარბარე თათარაძე, ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ და ასევე ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის „საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“ პრეზენტაცია.
ასევე, 2-6 დეკემბრს, ფესტივალის სივრცეში წარმოდგენილი იქნება იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორის ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა „კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა 1995–2015“.
გამოფენა ასახავს პროფესორ მაედას მრავალწლიანი კვლევისა და სამეცნიერო ექსპედიციების შედეგებს და წარმოაჩენს კავკასიის რეგიონის ისტორიულ მემკვიდრეობას, კულტურულ მრავალფეროვნებასა და ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებებს.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კულტურული ღონისძიება რეგიონში.
ფესტივალის პროგრამა აერთიანებს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ვარსკვლავებს, ახალი თაობის ტალანტებს, ასევე მნიშვნელოვან პლატფორმას უთმობს ქართველ კომპოზიტორებსა და ფოლკლორულ ანსამბლებს.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერია, ბათუმის დრამატული თეატრი, იაპონიის საელჩო საქართველოში, არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო საქართველოში, ბანკი „ქართუ“ და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს დააფუძნა საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა, UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.




