საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების, მათ შორის მარკირების წესისა და ხმის ფარულობის დარღვევები აღრიცხა.
საია აღნიშნავს, რომ სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვებისა და მარკირების პროცედურის დარღვევების ფონზე, საჭიროა, ცესკომ განმარტოს, "იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება".
დარღვევების შინაარსის, მათი ინტენსივობისა და ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, საიას სადამკვირვებლო მისია მთავარ დარღვევებს გამოყოფს:
ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების დარღვევა
საიას მიხედვით, გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით - ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან სვამდნენ კითხვებს, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა ამომრჩეველს.
გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი მარკირებას არ აღიქვამდა და ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, უბანზე სათანადო შემოწმების გარეშე შესულიყო.
ამასთანავე, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები იმ ამომრჩევლის მიერ, რომელსაც მარკირების კვალი ემჩნეოდა. აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები.
დამკვირვებლისათვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა
მთელი დღის განმავლობაში, დამკვირვებლები აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რაც, მათ შორის, უშლიდა თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესის უზრუნველყოფას.
საიამ აღრიცხა დამკვირვებლის წინააღმდეგ მუქარის, საარჩევნო კომისიების მხრიდან მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ვერბალური თავდასხმის, ასევე უბნიდან გაძევების ფაქტები.
დამკვირვებლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გამოვლინდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მარკირების წესის დარღვევებზე შენიშვნებს აფიქსირებდნენ.
ხმის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება
საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში "ქართული ოცნების" მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციების აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი ხმის მიცემის კაბინებს და, ძირითადად, საარჩევნო ყუთს.
ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკან მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი.
ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისებს ადასტურებს.
ასევე, ფიქსირდებოდა ფარულობის დარღვევის სხვადასხვა ეპიზოდი, მათ შორის, ხმის მიცემა არაუფლებამოსილ თანმხლებ პირთან ერთად.
დღის მანძილზე ასევე გამოვლინდა უბნის გარეთ დაძაბულობის, მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, კომისიის მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები.
უბნის დახურვის შემდგომ ჩვენი დამკვირვებლები აგრძელებდნენ საქმიანობას და გამოვლინდა ბიულეტენების ბათილობასთან ჩანაწერთა წიგნის დალუქვასთან და საარჩევნო უბნის დოკუმენტაციის გაცნობასთან დაკავშირებული დარღვევები.
საია მიუთითებს, რომ "კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას - იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება".
საიას თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით საჭიროებს განმარტებას იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები.
საიას სადამკვირვებლო მისია საქმიანობასა და საუბნო საარჩევნო კომისიებში შედგენილ შემაჯამებელ ოქმების შესწავლას აგრძელებენ, რასაც მოგვიანებით შეაფასებენ.