საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 2025 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ნომინაციაში: ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი განვითარების დაგეგმვა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა გამარჯვებული პროექტი „ფოთი- ქალაქის ბრენდინგი“ გახდა.

„აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება და მუნიციპალიტეტის პოზიციონირების გაძლიერებაა.

ფოთი ქმნის მრავალფუნქციურ ეკონომიკურ ეკოსისტემას, სადაც ერთიანდება პორტი, ლოჯისტიკა, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა - ტურიზმის უდიდესი პოტენციალით. ჩვენი მიზანია ქალაქს შევუქმნათ ტურიზმზე დაფუძნებული ძლიერი ეკონომიკა და უნიკალური ბუნების, შავი ზღვის სანაპირო ზოლის განვითარებით გავხადოთ ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი.

ჩვენ ვქმნით ქალაქს, რომელიც არა მხოლოდ ამაყობს თავისი წარსულით, არამედ ამ წარსულზე დაყრდნობით აშენებს მომავალს.

ფოთი - შავი ზღვის კარიბჭე, სადაც მემკვიდრეობა ხვდება ახალ შესაძლებლობებს" განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.