ნაძალადევის გამგეობაში N14 საჯარო სკოლის მასწავლებლეებსა და მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა მაისურაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი და გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსი ირმა კიკვაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროცესის დაჩქარება. უკვე ოთხი წელია, რაც სკოლის შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არსებობს. N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები დროებით N154 საჯარო სკოლაში არიან გადანაწილებული.

ქვარა ჩართოლანის განცხადებით, სკოლის პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი, გამარჯვებული კომპანია კი შენობის დემონტაჟს დაიწყებს. ამ ეტაპზე რაიონული გამგეობა უზრუნველყოფს შენობის შემოსაზღვრას ლითონის უსაფრთხოების ღობით. ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე სკოლის შენობის ნაწილში უკვე წლებია 35 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 18-ს, დევნილის სტატუსი აქვს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ორი ოჯახი საცხოვრებელი ფართით უკვე დააკმაყოფილა და მზად არის დარჩენილი 16 ოჯახის ეტაპობრივად უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, რაიონული გამგეობა მზადაა მათი ქირით უზრუნველყოფისთვის.