კვლავ გამიყვანეს ბნელ ოთახში და მომაწოდეს პირდაპირ დაწერილი ტექსტი, ხელნაწერი იყო უჯრებიან ფურცელზე, კარგად მახსოვს. მე დღე და ღამეს ვეღარ ვარჩევდი, იქ სულ ბნელა, სავარაუდოდ უფრო მეორე დღე იყო. ტექსტში ეწერა, რომ მე თურმე ბოლო პერიოდში ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე ძალიან აფორიაქებულია და სახლში ადგილს ვერ პოულობს და მეუბნება, რომ შარში ვარ ნათიაო, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, 2011 წელს "ფოტოგრაფების საქმზე" დაკავებულმა ნათია გედენიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, დაკავების შემდეგ, მიაწოდეს ტექსტი, რომელიც დააზეპირებინეს და მესამე ცდაზე მოახერხა კამერების წინ ჩაეწერა, ამის შემდეგ კი, გათავისუფლების ცნობაზე მოაწერინეს ხელი და ღამის სამ საათზე გამოუშვეს.
"ბოლო პერიოდი, მე და ჩემი მეუღლე არც კი გადავკვეთილვართ სახლში, პრაქტიკულად ისე დაემთხვა, რომ ირაკლის მივლინება მივლინებაზე ჰქონდა მიბმული და ასეთი ფაქტი არ მომხდარა მეთქი. ეგ ვინ იცის, ეს თქვიო. აუცილებლად უნდა მეთქვა, იქ ეწერა ცოტა "გაბოლდებით", რომ "შარში ვარ". უარი ვუთხარი გარკვეულ მონაკვეთებზე, რაც კატეგორიულად სცდებოდა ყველა რეალობას. ასეთი იყო მაგალითად ის, რომ ირაკლი იყო აღელვებული ისე, რომ ვეღარ ვცნობდი და ეს ჩემთვის თვალშისაცემი იყო ბოლო პერიოდი, ის, რომ შარში იყო და ის, რომ რაღაც თანხებს ველოდები. ასეთი ნიუანსები იყო, მაგრამ ხომ ერთ მთლიანობას კრავდა, რომლებსაც ვერ ვეთანხმებოდი. მეუბნებიან, რომ შენ უნდა დაიზეპირო ტექსტი, თუ გინდა შენი ფორმა მიეცი ამ ყველაფერს, თუ არადა, ამომიბრუნეს ჩემი პრინტერზე ამობეჭდილი ფოტო, ეს ფოტო მოხვდება ყველგან და შენ სახლისკენ მიმავალ გზას თავად დაივიწყებ, სახლში კარს არავინ გაგიღებს, ვეღარ იქნები სრულყოფილი დედა და შენი შვილებისთვის იქნები სასირცხვილო. ამას დააყოლეს, რომ ჩვენ კარგად ვიცით, შენი პატარა შვილის დაბადების დღე მოდის და ვფიქრობთ, როგორც დედისთვის, შვილთან ჩახუტება შენთვის იქნება კარგი და აბა შენ იცი, ეს ყველაფერი კარგად უნდა დაიზეპირო, ყოჩაღად უნდა ჩაწერო კამერასთან. მაჩვენებენ კიდევ ფურცელს, სადაც მხოლოდ ვხედავ გათავისუფლების ცნობას, სიტყვა "გათავისუფლება" იყო გამოკვეთილად დაწერილი - ამას მოაწერ ხელს და ჩაგახუტებთ შვილებსო.
გათავისუფლების ცნობაზე რომ მოვაწერე ხელი, ძალიან ბევრ თეთრ ქაღალდზე, სუფთა ფურცლების დასტაზე მომაწერინეს ხელი და თვითონაც დამცინავად მეუბნებოდნენ, ამდენი ხელმოწერა ცხოვრებაში თუ გაგიკეთებიაო. მე არ ვიცი მერე იმ ფურცლებზე რა დაიბეჭდა, ან დაიბეჭდა თუ არა. მერე მოხდა ის ფაქტი, რასაც აღიარებითი ჩვენების ე.წ. დაზეპირება ჰქვია და მომიწია დაზეპირებული ჩვენების კამერასთან მესამე დუბლით ჩვენება. ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ მე ვიყოჩაღე, ვიღაცები გადასცემდნენ, რომ გოგომ იყოჩაღა და ბიჭი გვაწვალებს - სავარაუდოდ, ეს ბიჭი იყო ირაკლი, რომელიც ვერ იმახსოვრებდა სავარაუდოდ მისთვის დაწერილ ტექსტს. მერე მითხრეს, რომ უკვე თავისუფალი ხარ და შეგიძლია წახვიდე - ეს ხდება ღამის სამ საათზე. ვინმე გელოდებაო, არავინ მელოდება-თქო და თვითონ მიმიყვანეს სახლამდე ადვოკატის დახმარებით.
მაქსიმალურად ვცდილობ, ემოციები ვმართო და ჩემი ის განწყობა და გრძნობები, რაც 14 წელია არ გამნელებია, საზოგადოებას თავზე ძალიან არ მოვახვიო, მაგრამ ეს ფორმა, რასაც მორალური წნეხი ჰქვია, ამას ტკივილის ინდიკატორი არ გააჩნია." - განაცხადა ნათია გედენიძემ.