აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მაისის ბოლოს დაიწყება.
აზერბაიჯანული მედიის თანახმად, აზერბაიჯანი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ პირველი მატარებელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის – 26 მაისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისთვის – 28 მაისს დაიწყებს მოძრაობას.
აზერბაიჯანის მედიის თანახმად, მხარეები კვლავ განიხილავენ რიგ დეტალებს, მათ შორის ტარიფებს. გავრცელებული ცნობით, „საქართველოს რკინიგზამ“, თავის მხრივ, დაადგინა ცალმხრივი ბილეთის ფასი და ტარიფების ბადე გაუგზავნა აზერბაიჯანელ პარტნიორებს.
აზერბაიჯანის მედიის თანახმად, ამ ეტაპზე საქართველო კუპეს ბილეთების 50 ლარად (30.97 მანათი) და საძილე ვაგონის ბილეთების 70 ლარად (43.35 მანათი) გაყიდვას სთავაზობს აზერბაიჯანს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფასების შემოღებას გეგმავს აზერბაიჯანული მხარე.
ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მიმოსვლა 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიის გამო შეჩერდა და დღემდე არ აღდგენილა. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, ასევე დაკეტილია. ქვეყანა კვლავ სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ქვეშ რჩება, რომლის ვადაც 2025 წლის პირველ ივლისს იწურება.