ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ გაიხსენა ირმა ნადირაშვილის სატელეფონო ზარი, რომელიც 2010-2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.
ირაკლი გედენიძის თქმით, ირმა ნადირაშვილმა 26 მაისის ფოტოების შესახებ წამოაძახა იმ დროს, როცა აღარ ეგონა, რომ კვლავ კავშირზე იყო და ამას გედენიძე ისმენდა.
„გავიხსენებ ირმა ნადირაშვილთან ერთ ზარს. ვახსენე, ინტერვიუ გადავიღე-მეთქი. ფოტოები ხომ უნდოდათ, რომლებიც უკვე წაღებული ჰქონდათ. აპარატში იყო ჩიპი, რომელიც დალუქული იყო. იმ ხალხმა მოითხოვა გამოცემიდან ფოტოები. ციხიდან გამოშვების შემდეგ მირეკავს, ფოტოები მოგვაწოდეო. ვუთხარი, მე არ მაქვს აპარატურა, ისევ იქ არის და თქვენ უნდა მიმართოთ, თქვენი აპარატურაა-მეთქი. ავუხსენი, ნორმალურად ვისაუბრეთ, არც აგრესიულად. ვუთხარი, ჩემს ოთახში ჩემი ნივთებიც არის და თუ რამე დარჩა აპარატურა, იმასაც გთხოვთ-მეთქი. დაგიბრუნო არა, ისა, სად დაეთრეოდი, რა გეგონაო – არ ეგონა, თუ კიდევ ხაზზე იყო ჩემთან. 26 მაისი წამომაძახა ისე, რომ არ იცოდა, ამას ვისმენდი თუ არა“, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.