თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ 2025 წლის 28 აპრილს ბრალი წარუდგინა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ "ახალი"-ს ლიდერს ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.   

 თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ "ლელოს" ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.  ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა. 

ასევე,  2025 წლის 2 აპრილის იგივე ბრალდებით, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილი  აღკვეთის ღონისძიების სახედ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სახელმწიფო საზღვრის კვეთა აუკრძალა. 

2025 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს, გივი თარგამაძეს  დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.