ლონდონში, „ემირეიტსზე“, „არსენალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა დასრულდა.

„არსენალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის „ემირეიტსზე“ მიმდინარე უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრის მე-4 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის შემდეგ უსმან დემბელემ მასპინძლების კარის ბადე შეარხია  და პარიზელები დაწინაურდნენ.

შეხვედრის მე-16 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, საჯარიმოში შევიდა, სადაც სამ ფეხბურთელს შორის მოექცა. კვარაცხელიამ შეძლო მათ შორის გამძვრალიყო, ერთ-ერთმა მცველმა კი იგი ხელით შეაჩერა, თან უბიძგა და კვარაცხელია გაზონზე წაქცეული აღმოჩნდა. მსაჯს წესის დარღვევით თამაშზე რეაქცია არ ჰქონდა, კვარაცხელია უკიდურესად აღშფოთდა, თუმცა უშედეგოდ.

„პარი სენ-ჟერმენის“ შემდგომ შეტევებს, ისევე როგორც ტაიმის ბოლოს გამოცოცხლებული „არსენალის“ შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია და პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დეკლან რაისის მიერ საჯარიმო დარტყმიდან ჩაწოდებული ბურთი მიკელ მერინომ თავით გაგზავნა სტუმართა კარში, თუმცა მასპინძლების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. მომენტის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საჯარიმო დარტყმის შესრულების მომენტში „არსენალის“ ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მსაჯმა გოლი გააუქმა.

„არსენალმა“ შეტევები განაგრძო და 55-ე წუთზე ლაენდრო ტროსარის დარტრყმის შემდეგ დონარუმამ კარი აშკარა გოლს გადაარჩინა.

74-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან წინ გამოსული „არსენალის“ მეკარის დასჯა მოინდომა და ცენტრიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს გადასცდა.  

84-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ბრედლი ბარკოლამ მცირედით ააცილა კარს, 85-ე წუთზე კი გონსალუ რამოშის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.  

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და პარიზელებმა  დიდი ნაბიჯი გადადგეს ფინალისკენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად Flashscore-მ დონარუმა(8.0) და კვარაცხელია (7,9) დაასახელა

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ისტორიაში პირველად დაამარცხა „არსენალი“. მასთან დღემდე გამართული ხუთ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენს“ ორი ფრე და სამი წაგება ჰქონდა.