ფაქტია, რომ ინიციატივები, რომლებიც „გრედას“ გააჩნდა და წლების განმავლობაში ჩვენი პროექტი იყო ნამდვილად თაროზე, დღეს უკვე მისი განხილვა საპარლამენტო ნაწილში გადაინაცვლებს, - ამის შესახებ „გრედას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა.
„ცალსახად უნდა ითქვას, რომ იმ არაერთჯერად შეხვედრაზე, რომელიც შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, იყო ყველა კრიტიკული თემა, რომელიც აწუხებს სექტორს და ძალიან სწრაფი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, საბოლოო ჯამში ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით პროექტები.
ფაქტია, რომ ინიციატივები, რომლებიც გრედას გააჩნდა და წლების განმავლობაში ჩვენი პროექტი იყო ნამდვილად თაროზე, დღეს უკვე მისი განხილვა საპარლამენტო ნაწილში გადაინაცვლებს, ამას ემატება მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 მგვ-ზე არსებული შეღავათების, 5 მგვტ-ზე აწევას - ეს ცოტა ხნის წინ დაინიცირებული მნიშვნელოვანი წინადადებაა, რომელიც უმალვე იქნა გაზიარებული სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მალე ჩვენ გვექნება ამ მიმართულებითაც შედეგი“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.








