პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიზანია, საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან.

როგორც პარლამენტარმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  კანონპროექტი იმსახურებს მრავალპარტიულ მხარდაჭერას. მისი თქმით, აბსოლუტურად ყველა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს ამ კანონპროექტს მხარი. 

„რადგანაც დღეს პრინციპების დონეზე გვაქვს განხილვა, მინდა რამდენიმე საკითხზე გავჩერდე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  კანონპროექტი იმსახურებს მრავალპარტიულ მხარდაჭერას, აბსოლუტურად ყველა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს ამ კანონპროექტს მხარი. გეტყვით რატომაც: პრინციპიალურ დონეზე ჩვენ ამ კანონპროექტით მოქალაქეს ვუბრუნებთ ორ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც კანონმდებლობის ხარვეზების გამო ჰქონდათ წართმეული. პირველი: პირადი ქონების განკარგვის საშუალება და მეორე: იმ გაერთიანების შექმნის, რომელიც მათ გემოვნებასთან უფრო ახლოა. ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. აქ დეტალებია: ნელ–ნელა, მძიმედ, 30 წლის განმავლობაში საქართველო თავისუფლდება ბიუროკრატიისგან. ამჯერად მოხდა ის, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირის და აშშ–ის სტანდარტებს. მინდა ვთქვა, რომ ვერც ბერნის კონვენციამ და ვერც სხვა შეთანხმებებმა ვერ გადაწყვიტეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს. მარტივი მაგალითი, ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ ნაწარმოები ხდება საზოგადოებრივი ქონება, მაგრამ ამავდროულად არსებობს მონოპოლია ნოტების გამოცემაზე. ფაქტობრივად, საკუთრება არ ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მონოპოლია გადადის ავტორისგან გამომცემლობაზე. მთელი მსოფლიოს ოპერის თეატრები შეწუხებულები არიანა მონოპოლიის გამო. დიდი მადლობა სამუშაო ჯგუფს, საქპატენტს, ექსპერტებს, რომ გადაიდგა ცივილიზებული ნაბიჯი. და ბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ეს ფაქტობრივად, ერთადერთი კანონპროექტია, რომელზე მუშაობაც მოხდა საქართველოს მოქალაქის მოთხოვნით“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისათვის, საავტორო უფლებების დაცვა წლებია საზოგადოებაში განხილვის საგანია. დღეს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვის ორი ასოციაცია მუშაობს - ძველი ორგანიზაციის (GCA) გაუმჭვირვალობით, თანხების არასამართლიანად აკრეფით და განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ასოციაცია „გერა“ დააფუძნეს.
როგორც აღმოჩნდა, ძველი ასოციაციის მიმართ ავტორთა პრეტენზიები  არ იყო უსაფუძვლო და ორგანიზაციაში ბოლოს ჩატარებულმა ფინანსურმა აუდიტმა ეს ყველაფერი დაადასტურა

მიმდინარე წლის 17 მაისს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 2022 წელს ასოციაციის ადმინისტრაციამ საკუთარი ფუნქციონირებისათვის დახარჯა 2,2 მლნ ლარი, ხოლო საავტორო და მომიჯნავე უფლებების ქართველ და უცხოელ მფლობელებს 400 ათასი ლარით ნაკლები, მხოლოდ 1,8 მლნ ლარი გაუნაწილა, საიდანაც 700 ქართველ ავტორს ჯამურად სულ რაღაც ერთი მილიონი ლარი ერგო.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ, 2021 წელს სარგებლის სახით  233 ათასი ლარი მიიღო  (მათ შორის, ხელფასის სახით 150 ათასი ლარი, ხოლო პრემიის, ბონუსის და სხვადასხვა სახის სარგებლის სახით - დამატებით 83 ათასი ლარი). შესაბამისად, ასოციაციის მიერ მხოლოდ თავმჯდომარეზე გაწეულმა საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 2021 წელს 19,4 ათასი ლარი შეადგინა.