"საქპატენტის" თავმჯდომარის, სოსო გიორგაძის მიერ პარლამენტის კულტურის კომიტეტში საავტორო უფლებების ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგები წარდგენის შემდეგ, ასოციაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა.
საქართველოში საავტორო უფლებების დაცვაზე, ამ სფეროში ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციებზე და კანონმდებლობაზე „აიპრესი“ უკვე წლებია წერს.
ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა კანონში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ ცვლილებების განხილვა დაიწყო.
უცხოელი პარტნიორების ჩართულობით (CLDP, USPTO, WIPO, USAID), ასევე, მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს.
„საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტს საავტორო უფლებების ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგები წარუდგინა და განაცხადა, რომ ავტორთა კუთვნილი თანხები იფლანგებოდა და არამიზნობრივად, ასოციაციის ადმინისტრაციულ ხარჯებზე: თავმჯდომარის და მოადგილეების ხელფასებზე და პრემიებზე, ავტომობილების და ოფისების შეძენაზე, თავმჯდომარის უცხოეთში განათლების მიღებაზე, მივლინებებზე იხარჯებოდა. „ორგანიზაცია, რომელსაც ერთადერთი ვალდებულება გააჩნია, სამართლიანად შეაგროვოს და გაანაწილოს ჰონორარები, რისთვისაც ის წესდების მიხედვით იღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას, შეგროვებული ჰონორარების 20%-ს, ნაცვლად ამისა ნახევარ წილში უზის ავტორებს".
როგორც ირკვევა GCA-ში აუდიტორული შემოწმებით 14,484,551 ლარზე მეტი ვალია. თუმცა,
ქრონიკასთან" საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ამბობს, რომ ამ ციფრებით მანიპულაცია ხდება.
აუდიტის დასკვნაში საუბარია სწავლის დაფინანსებაზეც, მაგრამ კობალაძე ამბობს, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც ასოციაციის სახელით განკარგა, ამის უფლება ჰქონდა.
"ჟურნალისტი: მაშინ შევეხოთ 14 მილიონს
გიგა კობალაძე: არაფერს არ შევეხები. ეს არის მხოლოდ ამოკრეფილი რიცხვები, კონტექსტიდან ამოღებულად იმ შთაბეჭდილების შექმნის მიზნით, რომ ჩვენთან თითქოს რაღაც დარღვევები ხდება.
ჟურნალისტი: მაგალითად, რას ნიშნავ 30 000 ლარის სესხება თავმჯდომარისთვის
გიგა კობალაძე:ეს არის ჩვეულებრივი პროცესი,ჩვეულებრივი სამეურნეო პროცესი, რომელიც ყველა ორგანიზაციაში არსებობს
ჟურნალისტი:მათ შორის სწავლის დაფინანსებაც?
გიგა კობალაძე: ნებისმიერი ხარჯი, მათ შორის, მოგზაურობა ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია ჩვენი საქმიანობის" - აცხადებს გიგა კობალაძე.
"საქპატენტი"-ს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე კი აცხადებს, რომ "14მლნ თავისივე შეკვეთით განხორციელებულ აუდიტის დასკვნაში მითითებულია ვალად, თუ გადაუხადა, ვალად როგორ ფიქსირდება? ავტორისთვის რა მნიშვნელობა აქვს, კობალაძე ამ ფულს ქეშად გაიტანდა და ისე დახარჯავდა, თუ საბანკო ანგარიშებით დახარჯავდა?! სხვაობა სად არის?! გიგა კობალაძემ ეს ფული, რომელიც უნდა მისულიყო ავტორებთან, გამოიყენა საკუთარი ფუფუნებისთვის."
მიმართავენ თუ არა ხელოვანები საკუთარი ინტერესების დასაცავად საგამოძიებო უწყებას და დაინტერესდება თუ სამართალდამცველები "საქპატენტის" მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნით ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, მომღერლები ამბობენ:
გია ნიკოლაძე: არ გეუბნებიან და ისე გიყენებენ, რაზე უნდა ელაპარაკო, როდესაც პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ თავის თავს იფინანსებს და თავის სწავლას ჩვენი ჰონორარით?!
ეკა კახიანი: მქონდა განცდა, რომ ის, რაც მე მეკუთვნის და ჩემი საავტორო უფლებებია, ვიღცასთან, სადღაც მიდიოდა არამიზნობრივად და ვიღაცასთან ნაწილდებოდა.
ირმა სოხაძე: 2 წელი ჯიუტად მქონდა იმის რწმენა და იმედი, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, მაგრამ,სამწუხაროდ, არაფერი არ გამოსწორდა. აუდიტის დასკვნამ, როგორც ახლა ეს ყველაფერი გავარკვიეთ, ყველაფერი დაადასტურა და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეჭვები არ ყოფილა მთლად უსაფუძვლო.