თბილისში ოფიციალური ვიზიტით აღმოსავლეთის ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) დელეგაციის წევრები იმყოფებიან, რომლებმაც სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან დავით ტაბიძესთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი კუპრავასთან ერთად ქალაქ თბილისის 43-ე და 114-ე საჯარო სკოლები მოინახულეს.
სკოლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს “თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) და აღმოსავლეთის ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფინანსური მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამით ენერგოეფექტურობის გაძლიერების სამუშაოების შედეგად სკოლის შენობების ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი, წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 30% იზრდება.
პროგრამის ფარგლებში დასრულებული ქალაქ თბილისის N114 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა 10 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. 650 მოსწავლეზე გათვლილ თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოწყობილია საკლასო ოთახები, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და რესურს ოთახი, სპორტული და რეკრეაციული სივრცეები, სააქტო დარბაზი და ამფითეატრი, სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლა სრულად უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსით, ინვენტარით, სასკოლო და საოფისე ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით. აღჭურვის ჯამური ღირებულება 270 000 ლარზე მეტია.
„თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს ასევე თბილისის N43 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ისტორიული ნაწილი სრულად იქნება აღდგენილი; სკოლაში მოეწყობა სრულად ადაპტირებული სპორტული, შემეცნებითი დარეკრეაციული სივრცეები. 360 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 6.3 მილიონი ლარია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის აღჭურვას ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.