თბილისში, სამგორის რაიონის პატარა ლილოს დასახლებაში N215 და კრწანისის რაიონის N127 სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლების სრული რეაბილიტაცია თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და შენობების სრულ კეთილმოწყობას ითვალისწინებს. სკოლებში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
რეაბილიტაციის პროცესს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი რევაზ სოხაძე და საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე გაეცნენ.
„გრძელდება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი. დღეს 127-ე და 215-ე სკოლები მოვინახულეთ და ადგილზე გავეცანით სამუშაოების მიმდინარეობას. განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2025 წლიდან, თბილისის კიდევ ორი სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სრულად ადაპტირებული, უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საგანმანათლებლო, სპორტული ინფრასტრუქტურითა და სივრცეებით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის 127-ე სკოლა გასული საუკუნის 60-იან წლებში უსინათლოთა საზოგადოების მიერ აშენდა. დღეს სკოლის მოსწავლეთა დაახლოებით 30% მცირედ მხედველია, ამასთანავე სკოლაში სხვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც სწავლობენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე: მოეწყობა პანდუსები და ლიფტები, ადაპტირებული სველი წერტილები. 215-ე სკოლა მომავალი სასწავლო წლიდან სრულად რეაბილიტირებული, უსაფრთხო და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეებით უმასპინძლებს პატარა ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს.