პროკურატურის პრიორიტეტული საზრუნავია ორგანიზებული დანაშაულის – ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინდექსში საქართველო უკვე 10 წელია, ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო „პირველ კალათაში“, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გვარაკიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით, საქართველო 2025 წელსაც ერთადერთი იყო რეგიონის მასშტაბით, რომელმაც შეფასების უმაღლესი ნიშნული დაიკავა.
ამასთან, მისივე განცხადებით, პოზიტიურად შეფასდა პროკურატურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულოდ ჩართვის შესახებ.
„ანგარიშში ხაზგასმულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაძლიერებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე, დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით. პოზიტიურად შეფასდა პროკურატურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულოდ ჩართვის შესახებ.
2025 წელს, პროკურატურის ორგანიზებით, შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა აქტიურად იმუშავა შრომითი ტრეფიკინგის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე, მათ შორის ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებზე“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.













