ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს პ. კლუგეს განცხადება ჯანმრთელობის მსოფლიო დღის შესახებ.
კოპენჰაგენი, 7 აპრილი 2025
"ყველა დედა იმსახურებს მშობიარობას საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების გარეშე. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ყოველდღიურად 700-ზე მეტი ქალი იღუპება დედათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, თავიდან აცილებადი გართულებების გამო. ამ ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს (7 აპრილი), მოდით, ავიღოთ ვალდებულება, რათა ვიმოქმედოთ და საფუძველი ჩავუყაროთ ჯანსაღ დასაწყისსა და იმედიან მომავალს დედებისა და ახალშობილებისთვის.
ჯანმოს ევროპის რეგიონში ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 წევრი სახელმწიფო შედის, მათ შორის, კავკასიის ქვეყნები, თურქეთი და ისრაელი, - თითქმის მილიარდი ადამიანი. ევროპის რეგიონში, ჯანმო-ს სხვა რეგიონებთან შედარებით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია - 11 სიკვდილი ყოველ 100,000 ახალშობილზე. ეს იმ უზარმაზარი შრომის შედეგია, რაც პოლიტიკის შემქმნელებმა, ჯანდაცვის მუშაკებმა, მეცნიერებმა, ჰუმანიტარებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში გასწიეს. 2000 წლიდან, ერთად შევამცირეთ დედათა სიკვდილიანობა 56%-ით.
თუმცა, რეალობა უფრო კომპლექსურია. მიუხედავად იმისა რომ საშუალო რეგიონული მაჩვენებელი დაბალია, დედათა სიკვდილიანობის კლების მაჩვენებელი არ არის ერთნაირად განაწილებული, ქვეყნებსა და ქვერეგიონებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები გვხვდება. ეს აჩვენებს არსებულ უთანასწორობას და ინვესტიციებისა და დედათა ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას.
ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან 15-ში დედათა სიკვდილიანობის საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მათგან ცხრა ქვეყანაში, COVID-19 პანდემიის ფონზე, 2020-დან 2023 წლებში დედათა სიკვდილიანობა გაიზარდა. ათზე მეტ ქვეყანაში ამ მიმართულებით წინსვლა უბრალოდ შეჩერდა. 53 წევრი ქვეყნიდან 14-ის მაჩვენებელი კი არ გაუმჯობესებულა 2020-დან 2023 წლამდე. ეს განსხვავებები აფერხებს ჩვენი რეგიონის წინსვლას გლობალურად შეთანხმებული მიზნების მისაღწევად, რაც 2030 წლისთვის დედათა სიკვდილიანობის შემცირებას ითვალისწინებს. ეს მიზნები ასევე ცნობილია, როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs).
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია და, შესაბამისად მორგებული პოლიტიკის შემუშავებას საჭიროებს, არსებობს სამი საერთო ქმედება, რომელიც ხელს უწყობს დედათა სიკვდილიანობის შემცირებას:
საყოველთაო ჯანდაცვის მოცვა, მათ შორის, დედათა ჯანმრთელობის ყოვლისმომცველი სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა, მომავალი და ახალბედა დედებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ჩათვლით.
საგანმანათლებლო კამპანიებით ცნობიერების ამაღლება მშობიარობისთვის მომზადებისა და მშობიარობის შემდგომი მოვლის შესახებ.
გადაუდებელი სამეანო დახმარების გაფართოება გართულებების შემთხვევაში დედის და ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად.
უახლესი მონაცემები ცხადყოფს რომ ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ფინეთი და ნორვეგია, დედათა ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა ფიქსირდება - ყოველ 100,000 ახალშობილზე 1-დან 5 სიკვდილამდე. ამ ქვეყნებში მომავალ და ახალბედა დედებს აქვთ წვდომა საყოველთაო ჯანდაცვაზე, მათ შორის, დედებზე მზრუნველობის ყოვლისმომცველ პროგრამებზე, მშობიარობის დროს კვალიფიციური კადრების დასწრებაზე, მათ შორის მეან-გინეკოლოგთა მეთვალყურეობაზე. ამ ქვეყნებში არსებობს გადაუდებელი სამეანო მხარდაჭერის ძლიერი სისტემები, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და გენდერული თანასწორობის ძლიერი პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნებმა თავიანთი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა სხვებსაც გაუზიარონ.
სამხრეთ ევროპა დედათა სიკვდილიანობის შერეულ ტენდენციებს ავლენს. იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში დედათა დაბალი სიკვდილიანობა ფიქსირდება, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში სტაგნაცია ან უმნიშვნელო ზრდას აქვს ადგილი. ეს შეიძლება მივაწეროთ მიგრანტებს შორის არსებულ ჯანმრთელობის უთანასწორობის ზრდას და ჯანდაცვის დაფინანსების შეზღუდვას.
აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის მონაცემებით აშკარაა დედათა საშუალოზე მაღალი სიკვდილიანობა და არათანაბარი პროგრესი. თუმცა, ბოლო 25 წლის განმავლობაში, რეგიონის ამ ნაწილში დედათა სიკვდილიანობა 75%-ით შემცირდა. ეს პროგრესი აღნიშვნის ღირსია. ამ მიმართულებით გამოირჩევა - ბელორუსი, ერთ-ერთი იმ ორი წევრი სახელმწიფოდან, სადაც მხოლოდ 1 სიკვდილი ფიქსირდება ყოველ 100,000 დაბადებულზე.
და ბოლოს, ცენტრალური აზიის ქვეყნებში დიდი წინსვლა აღინიშნება დედათა სიკვდილიანობის შემცირების კუთხით: 2000 წლიდან, ამ ქვეყნებში 57%-იანი კლება დაფიქსირდა, თუმცა, ყოველი 100,000 ახალშობილიდან 42-ს ჯერ კიდევ ემუქრება სიკვდილი. გამოირჩევა ყაზახეთი, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა 83%-ით შეამცირა.
ევროპის რეგიონმა მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დედათა სიკვდილიანობის შემცირების მიმართულებით, მაგრამ გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნებთან მიმართებით ხარვეზები კვლავ რჩება. ვერავინ იქნება თვითკმაყოფილი, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებსაც ამჟამად დადებითი მაჩვენებლები აქვთ. სტრატეგიული ინვესტიციებით, უფრო ძლიერი პოლიტიკით და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებით, ჩვენი რეგიონი უნდა ესწრაფოდეს დედათა სიკვდილიანობის სრულ აღმოფხვრას. ყოველწლიურად 1000-მდე სიკვდილით, ჩვენ უკვე ვართ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეგიონი. მაგრამ ერთი დედის თავიდან აცილებადი სიკვდილიც კი ძალიან ბევრია, რადგან ყველა დედა იმსახურებს უსაფრთხო მშობიარობას, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის და სად ცხოვრობს.
თარგმანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი საქართველოში