საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ირაკლი კუპრავასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
ქალაქ ბოლნისის მე-3 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლებში განახლებული ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროცესს ასევე გაეცნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან მუშკუდიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ორივე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
ქალაქ ბოლნისის მესამე საჯარო სკოლა 210 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ 600 ათას ლარამდეა.
საჯარო სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები. უზრუნველყოფილია კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის ახალი სისტემებით; აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.