ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო იმუნიზაციისა და სკრინინგის მნიშვნელობას.  


საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პოროვნულ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი ადამიანის პაპილომავირუსია (აპვ), საქართველოში მცხოვრებ ქალებში ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა გვიან (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია აპვ საწინააღმდეგო ვაქცინით, ხოლო ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, იგი განკურნებადია. 
„ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად. მოვუწოდებ ყველას, ვისაც აცრა ეკუთვნის, ჩაიტაროს ვაქცინაცია და დაიცვას საკუთარი თავი და მისი გარშემომყოფები“ - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.
2020 წლის ნოემბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის, აღმოფხვრის დაჩქარების გლობალური სტრატეგია შეიმუშავა. მასში წარმოდგენილია საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის სამი ძირითადი მიმართულება: ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და მკურნალობა; სამივე მიმართულება უნდა დაინერგოს ერთობლივად და საჭირო მასშტაბით, საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჯანმო) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლობები საქართველოში ხაზს უსვამენ ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის, კიბოსწინარე დაზიანებების ხარისხიანი სკრინინგისა და მკურნალობის მნიშვნელობას.
“საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ტექნიკური დახმარებით 2009 წლიდან ამოქმედდა. იმისათვის, რომ სკრინინგ პროგრამები საყოველთაო ხელმისაწვდომი გახდეს, მათ შორის, სოფლად და ძნელადმისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისთვის, UNFPA, გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელს უწყობს ციფრული მედიცინის განვითარებას საქართველოში. აქვე უნდა აღინიშნოს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაც, რაც უკვე ხელმისაწვდომია შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდა ქალებისა და კაცებისთვის საქართველოშის” - აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ.
დღეისათვის, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, სკრინინგის, მკურნალობისა და მონაცემთა მართვის სფეროში, არსებობს ჯანმო-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელშეწყობით მიმდინარე შემდეგი ვალდებულებები:
პრევენცია: ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეტანილია იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის. 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოების ვაქცინაციის პროგრამა, ხოლო 2023 წლის გადაწყვეტილებით კი, ვაქცინაციის პროგრამაში შესაზლებელი გახდა 46 წლამდე ასაკის ქალების ჩართვა.*
 
ამჟამად, ვაქცინაციის პროგრამა მოიცავს:
10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერად ვაქცინაციას, მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
13-46 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერად ვაქცინაციას, შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 თვეს, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 თვეს.
სკრინინგი: სკრინინგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის.
 
მკურნალობა: შემუშავებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინები.
 
მონაცემები: შეიქმნა კიბოს სკრინინგის ეროვნული რეესტრი, სკრინინგში მონაწილეობის ხელშესაწყობად და მონაცემთა მართვის გასაუმჯობესებლად. 
 
*ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ არის ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვისა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრებში. ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია ასევე უფასოა 10-26 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ბიჭებისა და კაცებისთვის და ემსახურება სხვადასხვა კიბოს განვითარების პრევენციას.  
 
გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ხელმისაწვდომია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო 9-ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც იცავს ორგანიზმს ადამიანის პაპილომავირუსის შემდეგი ონკოგენური ტიპებისაგან: აპვ 6, 11, 16, 18, 31, 33, 45, 52 და 58 გამოწვეული ინფექციისგან.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს: 116 001

 გაიგეთ მეტი. 

ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ავრცელებს.